საწარმოთა ქონება, დღგ

კითხვა N 1
რა განაკვეთით იბეგრება საწარმოთა/ორგანიზაციათა ქონება?

პასუხი:
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამასთან, სასაქონლო ნარჩენი ღირებულება 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე იზრდება 3-ჯერ, 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე - 2-ჯერ, ხოლო 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე - 1.5-ჯერ. ხოლო, იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება იზრდება 3-ჯერ; (სსკ 202 მუხლი)

კითხვა N 2
როგორ განისაზღვრება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი?

პასუხი:
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (კვადრატულ მეტრებში). არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთის გამრავლებით ტერიტორიულ კოეფიციენტებზე. ამასთანავე, ეს ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი. (სსკ 204 მუხლი)

კითხვა N 3
როგორ გაიანგარიშება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი?

პასუხი:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტარებში). წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა: ა.ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის - ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის სახეობების მიხედვით, 1.5 ლარიდან 20 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ა.ბ) სხვა მიწებისათვის - ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით, 50 ლარიდან 100 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს. (სსკ 204 მუხლი)

კითხვა N 4
რა ვადაში უნდა წარადგინოს ქონების დეკლარაცია საწარმომ/ორგანიზაციამ ?

პასუხი:
საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. (სსკ 205 მუხლი)

კითხვა N 5
რა ვადაში უნდა გადაიხადოს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადი საწარმომ/ორგანიზაციამ ?

პასუხი:
საწარმოები/ორგანიზაციები ქონების (გარდა მიწისა) გადასახადს იხდიან არა უგვიანეს საგადასახადო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა. ამასთანავე, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. (სსკ 205 მუხლი)

კითხვა N 6
რა ვადაში უნდა გადაიხადოს საწარმომ/ორგანიზაციამ მიწაზე ქონების გადასახადი ?

პასუხი:
საწარმოები/ორგანიზაციები მიწაზე ქონების გადასახადს იხდიან არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა; (სსკ 205 მუხლი)

კითხვა N 7
ეკისრება თუ არა ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელი იურიდიულ პირს, რომელიც არსებობს მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში?

პასუხი:
იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნდა კალენდარული წლის დაწყების შემდეგ, შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით; (სსკ 205 მუხლი)

კითხვა N 8
როგორ იხდის ქონების გადასახადს ის საწარმო/ორგანიზაცია, რომელიც არსებობს მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში?

პასუხი:
თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია არსებობს მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, იგი ქონების გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად. (სსკ 205 მუხლი)

კითხვა N 9
შესაძლებელია თუ არა გადასახადის გადამხდელს შეუმცირდეს ან მოეხსნას ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელი?

პასუხი:
თუ ქონების გადასახადში მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასულ საგადასახადო წელთან შედარებით და აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელი არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივნისისა აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელის თანხა; (სსკ 205 მუხლი)

კითხვა N 10
ვინ ახდენს საწარმოთა/ორგანიზაციათა ქონების გადასახადის დაანგარიშებას?

პასუხი:
დასაბეგრი მიწის, ასევე სხვა დასაბეგრი ქონების მიხედვით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებისათვის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია; (სსკ 205 მუხლი)

კითხვა N 11
ვალდებულია თუ არა საწარმო გადაიხადოს ქონების გადასახადი, თუ მან საგადასახადო წელი დაასრულა ზარალით?

პასუხი:
საწარმო ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი ბალანსზე რიცხულ ძირითად საშუალებებზე, მიუხედავად მისი წლიური ფინანსური შედეგისა;

კითხვა N 12
აქვს თუ არა უფლება გადამხდელს გადაიანგარიშოს მიმდინარე გადასახდელის თანხა მიმდინარე წელს მოქმედი განაკვეთით, თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი? (სსკ 205 მუხლი)

პასუხი:
თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელი გადაიხადოს მიმდინარე წლისათვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით.

კითხვა N 13
შეუძლია თუ არა გადასახადის გადამხდელს ისარგებლოს ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადის გახანგრძლივებით?

პასუხი:
თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელი გადაიხადოს მიმდინარე წლისათვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით.

კითხვა N 14
რა წარმოადგენს საქართველოს საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს?

პასუხი:
რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის გადამხდელია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. აგრეთვე 1 აპრილის მდგომარეობით: ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. (სსკ 201, 203 მუხლი)

კითხვა N 15
რა წარმოადგენს უცხოური საწარმოსთვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს?

პასუხი:
არარეზიდენტი საწარმო ქონების გადასახადის გადამხდელია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე) აგრეთვე 1 აპრილის მდგომარეობით: ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. (სსკ 201, 203 მუხლი)

კითხვა N 16
შპს-მ შეიძინა საკონტროლო-სალარო აპარატი აპრილში. დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა მაისის თვეში. ჩაითვლის თუ არა პირი საკონტროლო-სალარო აპარატზე გადახდილ დღგ-ს?

პასუხი:
აღნიშნულ შემთხვევაში შპს ვერ ჩაითვლის საკონტროლო-სალარო აპარატის შეძენაზე გადახდილ დღგ-ის თანხას, რამდენადაც ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება.

კითხვა N 17
ფიზიკურმა პირმა გაყიდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა (სახლი) და მასზე დამაგრებული მიწა. გაყიდვის ღირებულებამ გადააჭარბა 100 000 ლარს. ევალება თუ არა ფიზიკურ პირს დადგეს დღგ-ს გადამხდელად და ამ ოპერაციაზე გადაიხადოს დღგ?

პასუხი:
ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისად, ერთი საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაცია არ არის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია და ფიზიკურ პირს არ წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

კითხვა N 18
ფიზიკური პირი ახდენს ბინის ან კომერციული ფართის გაქირავებას, რომლის იჯარის თანხა ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს. ევალება თუ არა ფიზიკურ პირს დადგეს დღგ-ს გადამხდელად და გადაიხადოს დღგ?

პასუხი:
ფიზიკური პირი, რომელიც აქირავებს ბინას ან კომერციულ ფართს და იჯარის თანხა ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს, იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

კითხვა N 19
ფიზიკურმა პირმა გაყიდა საწარმოს კაპიტალში შეტანილი წილი, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. ევალება თუ არა ფიზიკურ პირს გადაიხადოს დღგ?

პასუხი:
თუ ფიზიკურმა პირმა გაყიდა წილი, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, იგი არ არის ვალდებული დადგეს დღგ-ს გადამხდელად და გადაიხადოს დღგ, რამდენადაც კაპიტალის წილის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

კითხვა N 20
იბეგრება თუ არა დღგ-ით ფიზიკური პირის მიერ სხვა პირზე ვალის დათმობა, თუ ვალის სიდიდე აღემატება 100 000 ლარს?

პასუხი:
ფიზიკური პირის მიერ სხვა პირზე ვალის დათმობა არ დაიბეგრება დღგ-ით, რამდენადაც აღნიშნული ოპერაცია მიეკუთნება ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

კითხვა N 21
იბეგრება თუ არა დღგ-ით ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტის თანხა, თუ მისი ოდენობა აღემატება 100 000 ლარს?

პასუხი:
ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტის თანხა დღგ-ით არ დაიბეგრება, რამდენადაც აღნიშნული ოპერაცია მიეკუთვნება ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისგან.

კითხვა N 22
საქართველოს რეზიდენტმა არარეზიდენტი პირისგან შეიძინა არამატერიალური აქტივი, კერძოდ ლიცენზია. აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრება თუ არა დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით?

პასუხი:
არარეზიდენტი პირისაგან არამატერიალური აქტივის შეძენა განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ვინაიდან მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი, ანუ საქართველო, და შესაბამისად არარეზიდენტისათვის გადასახდელი თანხა დაიბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით უკუდაბეგვრის წესით.

კითხვა N 23
ტურისტულმა სააგენტომ მოახდინა ტურისტული ჯგუფის საზღვარგარეთ გაგზავნა და შესაბამისი მომსახურების გაწევა. აღნიშნული ოპერაცია განიხილება თუ არა ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად?

პასუხი:
აღნიშნული ოპერაცია არ განიხილება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად, და იბეგრება დღგ-ით, ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება.

კითხვა N 24
იურიდიულმა პირმა მეორე იურიდიული პირისაგან ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მიიღო შემოსავალი პირგასამტეხლოს სახით. დღგ-ით დაიბეგრება თუ არა პირგასამტეხლოს თანხა?

პასუხი:
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

კითხვა N 25
პირი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2011 წლის 5 თებერვალს, 2011 წლის 13 იანვარს შეძენილი ქონდა 50 ცალი კომპიუტერი - 41 300 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით). პირმა გამყიდველს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მოსთხოვა 2011 წლის 18 თებერვალს. იმავე დღესვე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მთლიან ოპერაციაზე. დღგ-ის რა თანხაზე შეძლებს პირი ჩათვლის მიღებას, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის ნაშთად ერიცხებოდა 34 კომპიუტერი -28 084 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით)?

პასუხი:
მყიდველი თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩასათვლელი თანხის სტრიქონზე ასახავს 34 კომპიუტერის ღირებულების შესაბამის დღგ-ის თანხას - 4 284 ლარს (რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის მასთან არსებულ საქონლის ნაშთზე გადახდილი დღგ-ის თანხა).

კითხვა N 26
დღგ-ის გადამხდელს, არარეზიდენტმა პირმა გაუწია მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე. დღგ-ის გადამხდელი შეძლებს თუ არა უკუდაბეგვრის წესით გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას და რის საფუძველზე?

პასუხი:
უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია. საგადასახადო ორგანო ცალკეული გადასახადების (მათ შორის, დღგ-ის) მიხედვით არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის უკუდაბეგვრით გადასახდელი დღგ-ის გადახდის ანგარიშზე გადატანისას, გადამხდელს უგზავნის შეტყობინებას. საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ითვლება უკუდაბეგვრის წესით დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად და დღგ-ის გადამხდელს აძლევს დღგ-ის ჩათვლის უფლებას.

კითხვა N 27
რა არის დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტი?

პასუხი:
ჩათვლის დოკუმენტებია: ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; ბ) სასაქონლო დეკლარაცია; გ) უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; საფინანსო-ანალიტიკური სამსახური; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა მიერ მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ტარიფები დადგენილია დღგ-ის ჩათვლით, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კითხვა N 28
არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება გაიზარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებასთან შედარებით, რომელიც უკვე გადარიცხული იქნა ბიუჯეტში. შეიძლება თუ არა დაზუსტდეს უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა და რა წესით?

პასუხი:
უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა შესაძლებელია დაზუსტდეს, თუ ადგილი აქვს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს და იცვლება საგადასახადო ორგანოში ადრე წარდგენილ გაანგარიშებაში აღნიშნული დღგ-ის თანხა, რისთვისაც გაანგარიშებაში შევსებული უნდა იქნეს გაანგარიშების მე-2 ნაწილი და დამატებით იქნეს წარდგენილი საგადასახადო ორგანოში.

კითხვა N 29
როგორ ხდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის გაანგარიშება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით?

პასუხი:
პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

კითხვა N 30
გადამხდელი ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ და მისგან გათავისუფლებულ (ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე) ოპერაციებს. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება თუ არა გათავისუფლებული - ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე, ოპერაციები?

პასუხი:
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები.

კითხვა N 31
პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში ან ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში, ვალდებულია თუ არა დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად?

პასუხი:
პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში, ან ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური საქონლის საქართველოში იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს აქციზური საქონლის მიწოდებამდე.

კითხვა N 32
რა თარიღიდან ითვლება პირი დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შემთხვევაში?

პასუხი:
პირს შეუძლია ნებაყოფლობით გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არა უგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადისა.

კითხვა N 33
რა შემთხვევაში შეუძლია გადამხდელს გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა?

პასუხი:
გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის დღიდან განხორციელებულ მიწოდებებზე.

კითხვა N 34
რა შემთხვევაში შეუძლია დღგ-ის გადამხდელს მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით?

პასუხი:
თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

კითხვა N 35
როგორ ხდება არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა?

პასუხი:
არარეზიდენტის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) მიერ აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება დაიბეგრება დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით. საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე.

კითხვა N 36
თუ იმპორტის განხორციელებისას პირი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად და რეგისტრაციაში გატარდა იმპორტის განხორციელების შემდეგ, ჩაითვლის თუ არა საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხას?

პასუხი:
აღნიშნულ შემთხვევაში საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლა განხორციელდება მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში მასთან არსებულ, არარეალიზებული საქონლის ნაშთებზე.

კითხვა N 37
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა საწარმომ მეორე საწარმოს უსასყიდლოდ მისცა მასალები. დაიბეგრება თუ არა დღგ-ით აღნიშნული ოპერაცია?

პასუხი:
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული საწარმოს მიერ მეორე საწარმოზე მასალების უსასყიდლოდ გადაცემა განიხილება დასაბეგრ ოპერაციად და დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე.

კითხვა N 38
რა შემთხვევაში ხორციელდება დღგ-ის ჩათვლა?

პასუხი:
დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება: ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა; ა.ბ) საქონლის ექსპორტში; ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის; ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.

კითხვა N 39
დღგ-ის ჩათვლის მიღების მიზნით მყიდველს რომელი ანგარიშ-ფაქტურებით შეუძლია ჩათვლის განხორციელება?

პასუხი:
ა) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდისა ასახულია (იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლისთვისაც დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი) წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის მეშვეობით, თუ დაზუსტება ხორციელდება არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის დამთავრებისა); ბ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდისა ასახულია წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (იმ გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლისთვისაც დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე).

კითხვა N 40
კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული შედეგი როგორ აისახება დღგ-ის დეკლარაციაში?

პასუხი:
კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული შედეგი დღგ-ის დეკლარაციაში აისახება მე-6 ან მე-7 სტრიქონებზე როცა ხდება ბრუნვის კორექტირება, ხოლო ჩასათვლელი თანხის კორექტირების თანხა აისახება მე-13 ან მე-14 სტრიქონზე.

კითხვა N 41
რა ვადაში უნდა წარადგინოს გადასახადის გადამხდელმა არასწორად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმებაზე?

პასუხი:
გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული საფ-ების ყველა ეგზემპლარი წარედგინება საგადასახადო ორგანოს ამ ორგანოდან საფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.

კითხვა N 42
საგადასახადო ნაგარიშ-ფაქტურის არასწორად შევსების შემთხვევაში რა ქმედება უნდა განახორციელოს გადამხდელმა?

პასუხი:
საფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების (დღგ-ის თანხის გარდა) გასწორების მიზნით, საფ-ის ეგზემპლარებში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი დასტურდება ხელმოწერით და ბეჭდით.

კითხვა N 43
დღგ-ის გადამხდელისათვის მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდება იბეგრება თუ არა დღგ-ის გადასახადით, როდესაც მიწის ნაკვეთის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ის გადასახადისგან?

პასუხი:
მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად და ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.