სალარო აპარატი

კითხვა N 1
როგორ უნდა მოხდეს სადისტრიბუციო ვაჭრობის შემთხვევაში საკონტროლო-სალარო აპარატის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაცია და გამოყენება?

პასუხი:
იმ პირებმა, რომელთა ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკა უკავშირდება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას სხვადასხვა ადგილზე (სადისტრიბუციო ვაჭრობა, დატარებითი ვაჭრობა, მომხმარებლის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა და ა.შ.) საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია უნდა მოახდინონ საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში და შემდეგ გამოიყენონ მომხმარებლის ტერიტორიაზე მომსახურეობის გაწევის დროს. როდესაც საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება ხორციელდება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), საკონტროლო-სალარო აპარატის ნაცვლად, ასევე, შეიძლება გამოიყენებულ იქნას დადგენილი წესით რეგისტრირებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ).

კითხვა N 2
შესაძლებელია თუ არა კონკრეტულ ობიექტზე რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი გამოყენებულ იქნას სხვა ობიექტზე?

პასუხი:
რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი უნდა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის მისამართი დაფიქსირებულია საგადასახადო ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემებში. წინააღმდეგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე საქმიანობად. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 19)

კითხვა N 3
რას ნიშნავს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა?

პასუხი:
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული აპარატი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში, აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე აპარატის გამოყენება, რაც თავის მხრივ მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან გადამხდელი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 20)

კითხვა N 4
როდის უნდა მოხდეს საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის ამობეჭდვა?

პასუხი:
გადამხდელის მიერ ჩეკის ამობეჭდვა და გაცემა ხდება მისთვის ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან/და მის მიერ ხურდის დაბრუნებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ნაღდი ფულის გადახდას ახორციელებს იმ პირთან, რომელიც არ წარმოადგენს მოლარე-ოპერატორს, მომხმარებელს ჩეკი უნდა გადაეცეს გონივრულ ვადაში. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 16)

კითხვა N 5
როგორი წესით და როდის ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატის მოხსნა რეგისტრაციიდან?

პასუხი:
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნა უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც სსა აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ანგარიშსწორებისათვის. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის საგადასახადო ორგანოს წარედგინება განცხადება, თავად სალარო აპარატი და მისი სარეგისტრაციო ბარათი. განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უბრუნებს სალარო აპარატს და აძლევს ცნობას სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.

კითხვა N 6
როგორ უნდა მოიქცეს მოლარე-ოპერატორი, თუ შეცდომით ამოიბეჭდა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი? (მაგ. 5 ლარის ნაცვლად 500 ლარი)

პასუხი:
როდესაც საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, დაუყონებლივ უნდა შედგეს შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის ფიქსაციის აქტი 2 ეგზემპლარად (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 20, დანართი №8) აქტს ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მასზე სამსახურეობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.); ამასთანავე შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ასლი უნდა დაეკრას ამ აქტს და ინახებოდეს ყოველდღიურ „ძ” ანგარიშებთან ერთად.

კითხვა N 7
როგორ უნდა მოიქცეს მოლარე-ოპერატორი, თუ მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის უკან დაბრუნება?

პასუხი:
როდესაც მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის უკან დაბრუნება “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა, უნდა შედგეს მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) აქტი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 20, დანართი №8) ორ ეგზემპლარად. აქტს ხელი უნდა მოაწეროს მოლარე-ოპერატორმა, მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.) და ასევე მომხმარებელმა, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკროს მომხმარებლის მიერ მოცემული ჩეკი და ჩეკის ასლი.

კითხვა N 8
რა აუცილებელ რეკვიზიტებს უნდა შეცავდეს მომხმარებელზე გაცემული საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი?

პასუხი:
მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე ასახული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები: ა) გადამხდელის დასახელება; ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) სსა-ს საქარხნო ნომერი; დ) ჩეკის ნომერი; ე) გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო; ვ) სსა-ის ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი. ჩეკზე, გადამხდელის სურვილისამებრ, შესაძლებელია ასახულ იქნეს სხვა დამატებითი მონაცემებიც. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 17)

კითხვა N 9
რა ხდება სალარო აპარატის დაზიანების შემთხვევაში?

პასუხი:
სალარო აპარატის დაზიანების შემთხვევაში პირი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები. სსა-ის შეკეთების პერიოდში გადამხდელი უფლებამოსილია მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოოს მის საკუთრებაში არსებული, საგადასახადო ორგანოში სათანადო წესით რეგისტრირებული ან ტექნიკური მომსახურების ცენტრის მიერ დროებით მფლობელობაში გადაცემული სარეზერვო სსა-ის მეშვეობით, მაგრამ მისი გამოყენების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 კალენდარულ დღეს. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 20)

კითხვა N 10
რას წარმოადგენს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ)?

პასუხი:
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი წარმოადგენს ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილ საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისაგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტის და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ები უნდა აისახოს შესაბამის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში.

კითხვა N 11
ვის შეუძლია გამოიყენოს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ)?

პასუხი:
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენების უფლება აქვთ პირებს, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში). ამ შემთხვევებში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად საკონტროლო-სალარო აპარატის ნაცვლად მათ შეუძლიათ გამოიყენონ დადგენილი წესით რეგისტრირებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ საქონლის/მომსახურების მიწოდების ადგილსაც და ღირებულების ანაზღაურების ადგილსაც მომხმარებლის ერთი და იგივე ტერიტორია წარმოადგენდეს. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 21)

კითხვა N 12
რა შემთხვევაში თავისუფლდება მიმწოდებელი როგორც სალარო აპარატის, ასევე ჩგდ-ს გამოწერის ვალდებულებისაგან?

პასუხი:
იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე ხდება საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურის გამოწერა, მიმწოდებელი თავისუფლდება როგორც საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებისაგან, ასევე ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოწერის ვალდებულებისაგან. ამასთან, ის გადამხდელი, რომელიც თავისუფლდება სსა-ის გამოწერისაგან, ასევე თავისუფლდება ჩგდ-ის გამოწერის ვალდებულებისგანაც.

კითხვა N 13
რა სახის პასუხისმგებლობას იწვევს საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა?

პასუხი:
საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში - იწვევს პირის დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით. (სსკ-ის 281-ე მუხლი)

კითხვა N 14
ვინ არის ვალდებული გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი?

პასუხი:
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ეკისრებათ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც საქონლის/მომსახურების მომხმარებლისათვის მიწოდებას ახორციელებენ ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით.

კითხვა N 15
როგორი უნდა იყოს საკონტროლო-სალარო აპარატი?

პასუხი:
საკონტროლო-სალარო აპარატი უნდა იყოს ქართულენოვანი, ფისკალური მეხსიერების მქონე, სახელმწიფო რეესტრში შეტანილი, ტექნიკურად გამართული, საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული და სათანადო წესით დალუქული.

კითხვა N 16
რომელ საგადასახადო ორგანოში უნდა დარეგისტრირდეს საკონტროლო-სალარო აპარატი?

პასუხი:
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისათვის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 19)

კითხვა N 17
როგორ უნდა დავარეგისტრიროთ საკონტროლო-სალარო აპარატი, თუ დაკარგულია აპარატის პასპორტი?

პასუხი:
აპარატის პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, საკონტროლო-სალარო აპარატის მფლობელს შეუძლია მიმართოს იმ საწარმოს, სადაც მოახდინა აპარატის შესყიდვა. საწარმოს მიერ მყიდველზე გაცემული საკონტროლო-სალარო აპარატის პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი წარედგინება საგადასახადაო ორგანოს საკონტროლო-სალარო აპარატის დარეგისტრირების მიზნით.

კითხვა N 18
რას ნიშნავს გადასახდელის გადამხდელის ფუნქციონირება საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე?

პასუხი:
გადასახადის გადამხდელის ფუნქციონირება საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი: • გადასახადის გადამხდელს თავის მფლობელობაში არ გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი. • გადასახადის გადამხდელს გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი, მაგრამ ის არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში კონკრეტული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით. • საკონტროლო-სალარო აპარატი რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია სახელმწიფო რეესტრიდან და გასულია მისი გამოყენებისათვის დაშვებული კანონმდებლობით დადგენილი ვადა. • საკონტროლო-სალარო აპარატზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება ხდება არაფისკალური რეჟიმით. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 20)

კითხვა N 19
რა ჯარიმებს ითვალისწინებს საგადასახადო კანონმდებლობა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევების შემთხვევაში?

პასუხი:
-მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობა, - იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე - 10 000 ლარის ოდენობით. - მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოუყენებლობა, - იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. ყოველ შემდგომ განმეორებაზე კი - 2 500 ლარის ოდენობით. - ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საგადასახადო ორგანოს ლუქების გარეშე მუშაობა, - იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით. - ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება, - იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. ყოველ შემდგომ განმეორებაზე კი - 2 500 ლარის ოდენობით. (სსკ-ის 281-ე მუხლი).