მიკრო ბიზნესი

კითხვა N 1
ვის შეიძლება მიენიჭოს მიკრო ბიზნესის სტატუსი?

პასუხი:
მიკრო ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს. მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად არ არის სავალდებულო პირი იყოს რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკურ პირად. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას; ბ) დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 2)

კითხვა N 2
რომელი საქმიანობების განხორციელებაა აკრძალული მიკრო ბიზნესისათვის?

პასუხი:
მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობებს მიეკუთვნება: 1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას; 2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30000 ლარს; 3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება; 4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა; 5. სათამაშოO ბიზნესი. 6. ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება პირის მიერ წარმოებული ან შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება). 7. ერთ ობიექტში რამდენიმე გადამხდელის ორგანიზებული საქმიანობა. (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილება, დანართი №2)

კითხვა N 3
შესაძლებელია თუ არა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი რეგისტრირებული იყოს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად?

პასუხი:
შესაძლებელია, თუკი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება გამომდინარეობს ისეთი საქმიანობებიდან, საიდან მიღებული შემოსავლებიც არ გაითვალისწინება მიკრო ბიზნესის 30000 ლარიანი ზღვარის განსაზღვრისას და იბეგრება ჩვეულებრივი წესით. აღნიშნულ შემოსავალს მიეკუთვნება:1. ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი;2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები4. ჩუქებით მიღებული შემოსავალი5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:ა) უძრავი ქონება;ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;გ) ფასიანი ქაღალდები;6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი;7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი; (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილება, დანართი №3)

კითხვა N 4
რა გზითაა შესაძლებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება?

პასუხი:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრს/რაიონულ განყოფილებას ან ელექტრონულად წარადგენს განცხადებას შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის - www.rs.ge-ს მეშვეობით. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, განცხადების მიღებიდან დაუყოვნებლივ გასცემს მიკრო ბიზნესის სერტიფიკატს. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 3)

კითხვა N 5
აბარებს თუ არა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას?

პასუხი:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს გამარტივებული საშემოსავლო გადასახადოს წლიური დეკლარაცია. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 5)

კითხვა N 6
რა შემთხვევაშია მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებული საგადასახადო ორგანოს მიმართოს მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესზე გადასვლის მოთხოვნით?

პასუხი:
თუკი ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს, იგი დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას, დააპირებს აკრძალული საქმიანობის განხორციელებას, ან თუ მისი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი გადააჭარბებს 45 000 ლარს, პირი ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით. ამავე დროს, მას უფლება აქვს მოითხოვოს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 8)

კითხვა N 7
მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მიკრო ბიზნესის სტატუსიდან მცირე ბიზნესის სტატუსზე გადასვლის შემთხვევაში როგორ იბეგრება პირის მიერ მიღებული შემოსავალი?

პასუხი:
თუ მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკურ პირს გაუუქმდა მიკრობიზნესის სტატუსი და მას არ მიუღია მცირე ბიზნესის სტატუსი, მის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში (მათ შორის მიკრო ბიზნესის სტატუსის მოქმედების პერიოდში) მიღებული ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრება მცირე ბიზნესის სტატუსისათვის განსაზღვრული წესით. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 5)

კითხვა N 8
ევალება თუ არა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება?

პასუხი:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება; ამასთან, არარეზიდენტი პირისგან მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში იგი ვალდებულია ოპერაცია დაბეგროს დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 5)

კითხვა N 9
თუ კალენდარული წლის განმავლობაში პირი გადაწყვეტს დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრო ბიზნესზე გადასვლას, როგორ დაიბეგრება მისი შემოსავალი?

პასუხი:
მიმდინარე სანგარიშო წელს დაბეგვრის სხვა რეჟიმიდან მიკრო ბიზნესზე გადასვლის შემთხვევაში, ფიზიკური პირს მიერ საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ წელს) მიღებული შემოსავალი (მათ შორის მიკრო ბიზნესის მინიჭებამდე მიღებული შემოსავალიც) ექვემდებარება დაბეგვრას მიკრო ბიზნესის სტატუსისათვის დადგენილი წესით. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 5)

კითხვა N 10
იყენებს თუ არა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი საკონტროლო-სალარო აპარატს?

პასუხი:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, გარდა მთავრობის მიერ განსაზღვრული ცალკეული საქმიანობის განმახორციელებელი ან ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის ფიზიკური პირებისა, თავისუფლდება საკონსტოლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 7)

კითხვა N 11
რა შემთხვევაში გაუუქმდება ფიზიკურ პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი?

პასუხი:
პირს მიკრო ბიზნესის სტატუსი გაუუქმდება, თუ: ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით; ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს. გ) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მიკრობიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა; დ) ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული (აღნიშნულის მიზნებისათვის დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ოჯახის წევრები (პირები, რომლებიც ერთმანეთისთვის წარმოადგენენ I რიგის მემკვიდრეებს); ე) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება; ვ) მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 8)

კითხვა N 12
რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება ფიზიკურ პირს, თუკი იგი განახორციელებს მიკრო ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას?

პასუხი:
ფიზიკური პირი, რომელიც განახორციელებს მიკრო ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას, დაჯარიმდება სსკ-ის 288-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარის ოდენობით.

კითხვა N 13
როგორ უნდა მოიქცეს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, თუ მისი ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან დაიწყებს დაქირავებულის შრომის გამოყენებას?

პასუხი:
თუკი მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს ან იგი დაიწყებს დაქირავებულის შრომის გამოყენებას, აღნიშნული მომენტის დადგომიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით. აღნიშნული უფლების არ გამოყენების შემთხვევაში, მას ავტომატურად გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 8)

კითხვა N 14
რა სახის მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებაა შესაძლებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მოქნე ფიზიკური პირის მიმართ?

პასუხი:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მოქნე ფიზიკური პირის მიმართ შესაძლებელია განხორციელდეს მიმდინარე კონტროლის შემდეგი პროცედურები:• საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა• დათვალიერება• შესაბამის შემთხვევებში, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა• ქრონომეტრაჟი• ინვენტარიზაცია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანება, მუხლი 10)