ინდივიდუალური მეწარმე

კითხვა N 1
ფიზიკური პირის მიერ, ფინანსური ლიცენზირებული ინსტიტუტებიდან მიღებული პროცენტები ექვემდებარება თუ არა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას?

პასუხი:
ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი. (მუხლი 131-5)

კითხვა N 2
საშემოსავლო გადასახადის რა განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის შემოსავალი, რომელიც იჯარით გასცემს (აქირავებს) ფართს?

პასუხი:
არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა, გარდა ლიზინგის შემთხვევისა, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 20 პროცენტიანი განაკვეთით. (მუხლი 133)

კითხვა N 3
თავისუფლდება თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის მიერ უსასყიდლოდ მიღებული ბინის ან/და მიწის ნაკვეთის ღირებულება?

პასუხი:
საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; (მუხლი 82-1.ნ)

კითხვა N 4
ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას გადამხდელი წარადგენს თუ არა დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში და რა ვადებში?

პასუხი:
საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. (მუხლი 153-2)

კითხვა N 5
როდესაც ფიზიკური პირი ახდენს იმ მატერიალური აქტივის რეალიზაცის, რომელიც მის მიერ არ იყო ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული რა შემთხვევაში და რა ვადაში ეკისრება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის ვალდებულება?

პასუხი:
თუ ფიზიკური პირი ახდენს 2 წლამდე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივის ან 6 თვემდე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას, მას აქვს ვალდებულება საგადასახადო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადოს ფასთა შორის ნამეტის 20%.

კითხვა N 6
იბეგრება თუ არა საშემოსავლო გადასახადით ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი?

პასუხი:
ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან. (მუხლი 82-1.ბ.)

კითხვა N 7
რა ვადაშია ვალდებული ფიზიკური პირი, გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლებიდან ?

პასუხი:
საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საშემოსავლო გადასახადს იხდის: • ფიზიკური პირი, 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან • ფიზიკური პირი მემკვიდრეობით ან ჩუქებით (გარდა I-II და III-IV რიგისა ) მიღებული ქონების ღირებულებიდან III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადახდას 2 კალენდარული წლის განმავლობაში. (მუხლი 153-7)

კითხვა N 8
საშემოსავლო გადასახადის რა განაკვეთით იბეგრება არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი?

პასუხი:
არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში იბეგრება: დივიდენდები - 5 პროცენტით; პროცენტები - 5 პროცენტით; საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები - 10 პროცენტით; „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი - 4 პროცენტით; გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის თანახმად ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, - 15 პროცენტით; ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი - 20 პროცენტით. (მუხლი 134)

კითხვა N 9
რამდენ პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება დივიდენდი?

პასუხი:
რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი 5 პროცენტიანი განაკვეთით. (მუხლი 130)

კითხვა N 10
რამდენ პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება პროცენტი?

პასუხი:
არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით. (მუხლი 131)

კითხვა N 11
მეწარმე ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, რა პრინციპით და რა განაკვეთით უნდა მოახდინონ საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების გადახდა?

პასუხი:
მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულნი არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) არა უგვიანეს 15 მაისისა - 25% ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა - 25% გ) არა უგვიანეს 15 სექტემბერისა - 25% დ) არა უგვიანეს 15 დეკემბერისა - 25%. თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელები გადაიხადოს წინა საგადასახადო წლის დასაბეგრი შემოსავლიდან მიმდინარე საგადასახადო წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან. (მუხლი 155)

კითხვა N 12
სად ხდება ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია?

პასუხი:
ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია ხდება ინდივიდუალური მეწარმის საქართველოში გაცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

კითხვა N 13
ინდივიდუალურმა მეწარმემ გაყიდა საცხოვრებელი ბინა (სახლი) და მასზე დამაგრებული მიწა, რომელიც მის საკუთრებაში ირიცხებოდა 2 წელზე ნაკლები ვადით და გაყიდვის ღირებულებამ გადააჭარბა 100 000 ლარს. ევალება თუ არა მას დადგეს დღგ-ს გადამხდელად და ამ ოპერაციაზე გადაიხადოს დღგ?

პასუხი:
ინდივიდუალურმა მეწარმემ, რომელმაც გაყიდა მის პირად საკუთრებაში 2 წელზე ნაკლები ვადით არსებული, 100 000 ლარზე მეტი ღირებულების საცხოვრებელი ბინა (სახლი) და მასზე დამაგრებული მიწა, რომელსაც არ იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში, იგი არ არის ვალდებული ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დადგეს დღგ-ს გადამხდელად და არ დაიბეგრება დღგ-ით, რადგან ეს ოპერაცია ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება. (ბრძანება №996 - მუხლი 49)

კითხვა N 14
ინდივიდუალური მეწარმე ახდენს ბინის ან კომერციული ფართის გაქირავებას, რომლის იჯარის თანხა ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს. ევალება თუ არა მას დადგეს დღგ-ს გადამხდელად და გადაიხადოს დღგ?

პასუხი:
ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც აქირავებს ბინას ან კომერციულ ფართს და იჯარის თანხა ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს, იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. (მუხლი 157, 161)

კითხვა N 15
ფიზიკურმა პირმა იურიდიულ პირში გაყიდა წილი, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. ევალება თუ არა მას გადაიხადოს დღგ?

პასუხი:
თუ ფიზიკურმა პირმა გაყიდა წილი, რომლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, იგი არ არის ვალდებული დადგეს დღგ-ს გადამხდელად და გადაიხადოს დღგ, რამდენადაც კაპიტალის წილის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. (168-2)

კითხვა N 16
იბეგრება თუ არა დღგ-ით ინდივიდუალური მეწარმის მიერ სხვა პირზე ვალის დათმობა, თუ ვალის სიდიდე აღემატება 100 000 ლარს?

პასუხი:
ინდივიდუალური მეწარმის მიერ სხვა პირზე ვალის დათმობა არ დაიბეგრება დღგ-ით, რამდენადაც აღნიშნული ოპერაცია მიეკუთნება ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისგან ჩათვლის უფლების გარეშე. (მუხლი 168-2)

კითხვა N 17
მიმდინარე წელს პირი დარეგისტრირდა გადასახადის გადამხდელად. მისი შემოსავალი ჯერ-ჯერობით არ აღემატება 100 000 ლარს. საქონლის მიწოდების დროს მყიდველები მისგან ითხოვენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას, რის მისაღებად საჭიროა დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომა. რა პროცედურების გავლაა საჭირო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირების მიზნით?

პასუხი:
იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელის შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს, მას შეუძლია დადგეს დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი წესით, რისთვისაც საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ მასზე გაიცემა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის დღიდან განხორციელებულ მიწოდებებზე.

კითხვა N 18
როგორ ხორციელდება ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაცია?

პასუხი:
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და საბანკო დაწესებულებაში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს შეუძლია საგადასახადო აღრიცხვაზე დადგეს განცხადების საფუძველზე, რომლის დროსაც მას საგადასახადო აღრიცხვისას საიდენტიფიკაციო ნომრად უფიქსირდება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. (მუხლი 66)

კითხვა N 19
რა ვადაში უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი?

პასუხი:
საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით. (მუხლი 66.1).

კითხვა N 20
რა ვადაში უნდა დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, რომელსაც არ წარმოეშობა მუდმივი დაწესებულება საქართველოში?

პასუხი:
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, რომელსაც არ წარმოეშობა მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ვალდებულია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომამდე განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით.

კითხვა N 21
ვინ არის ქონების გადასახადის გადამხდელი?

პასუხი:
ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც ფლობენ საქართველოს ტერიტორია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დასაბეგრ ქონებას.

კითხვა N 22
რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ქონების გადასახადის გადამხდელი?

პასუხი:
• ფიზიკური პირი (მათ შორის მეწარმე), ქონების გადასახადის გადამხდელია, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს დასაბეგრ ქონებას და ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს; • თუ ფიზიკურ პირს საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურმეო დანიშნულების მიწა, რომელიც გათავისუფლებული არ არის ქონების გადასახადის გადახდისაგან სსკ-ის 206 მუხლით.

კითხვა N 23
რა განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის ქონება?

პასუხი:
ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა; (მუხლი 202.5)

კითხვა N 24
საშემოსავლო გადასახადის რა განაკვეთით იბეგრება დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაქირავებული საქართველოს მოქალაქის დასაბეგრი შემოსავალი?

პასუხი:
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაქირავებულ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება 2013 წლის 1 იანვრამდე იბეგრება 20%-იანი განაკვეთით (მუხლი 309-1)

კითხვა N 25
როგორ უნდა მოიქცნენ მეწარმე ფიზიკური პირები, როცა წინა წელთან შედარებით უმცირდებათ დასაბეგრი შემოსავალი?

პასუხი:
თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. ამასთანავე, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში. (მუხლი 155)

კითხვა N 26
რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირები?

პასუხი:
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს. ასევე 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ, რომლის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაქირავებულისათვის გაცემული ანაზღაურება გათავსიფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან (მუხლი 82)

კითხვა N 27
რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ფიზიკური პირები?

პასუხი:
საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე (მუხლი 82-2)

კითხვა N 28
რა საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ ომის მონაწილე ფიზიკური პირები?

პასუხი:
საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე: (მუხლი 82-2)

კითხვა N 29
იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში ფიზიკური პირის კუთვნილი წილის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია თუ არა რაიმე შეღავათი საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში?

პასუხი:
ფიზიკური პირის მიერ წილის რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი იმ შემთხვევაშია გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან, როცა საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე ხდება წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა და საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი. ამ შემთხვევაში საკუთრების 2-წლიანი ვადა იანგარიშება მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით; ხოლო თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, - საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან; (მუხლი 82)

კითხვა N 30
ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია თუ არა რაიმე შეღავათი საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში?

პასუხი:
საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. აღნიშნული 2-წლიანი ვადა აითვლება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო რეალიზაციით მიღებული ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ მიღებისა, როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით მიწოდების ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის (მუხლი 82)

კითხვა N 31
როგორ განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი?

პასუხი:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი წესით: ა) წლიურ საბაზისო განაკვეთს ლარებში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ადგენს საქართველოს მთავრობა: ა.ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის - ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის სახეობების მიხედვით, 1.5 ლარიდან 20 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ა.ბ) სხვა მიწებისათვის - ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით, 50 ლარიდან 100 ლარამდე ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს. (მუხლი 204-1)

კითხვა N 32
როგორ განისაზღვრება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი?

პასუხი:
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით: ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი. (მუხლი 204-2)

კითხვა N 33
როგორ განისაზღვრება არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლები?

პასუხი:
არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

კითხვა N 34
რა ვადაში და სად უნდა წარადგინოს ფიზიკურმა პირმა ქონების გადასახადის დეკლარაცია?

პასუხი:
ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 მაისისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. (მუხლი 205-12)

კითხვა N 35
რა ვადაში უნდა გადაიხადოს ფიზიკურმა პირმა ქონების გადასახადი?

პასუხი:
ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.(მუხლი 205-14)

კითხვა N 36
როგორ გაიანგარიშება ფიზიკური პირის ქონების გადასახადი და ვინ განსაზღვრავს მას?

პასუხი:
ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. დეკლარაციაში შეიტანება ქონების ღირებულება და მიწის ფართობი (მუხლი 205-11)

კითხვა N 37
ვინ უნდა წარადგინოს დეკლარაცია, თუ დასაბეგრი ქონება საკუთრებაში გააჩნია ოჯახის სხვა წევრებსაც.

პასუხი:
თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, მათგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს აქვს უფლება წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც აისახება ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები.

კითხვა N 38
რა ფორმით შეიძლება მოახდინოს ფიზიკურმა პირმა დეკლარაციის წარდგენა?

პასუხი:
გადამხდელს შეუძლია შესაბამის საგადასახადო ორგანოში: • დეკლარაცია წარადგინოს პირადად; • მოახდინოს ელექტრონული დეკლარირება ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდის საშუალებით; • დეკლარაცია გაგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით; ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი. (მუხლი 67-3)

კითხვა N 39
შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს, ისარგებლოს ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადის გახანგრძლივებით?

პასუხი:
პირს უფლება აქვს საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს ვადის დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე. ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება. ამასთან, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა. (მუხლი 68.)

კითხვა N 40
უნდა აცნობოს თუ არა ფიზიკურმა პირმა საგადასახადო ორგანოს, თუ მისი შემოსავალი მცირდება წინა საგადასახადო წელთან შედარებით და აღარ აჭარბებს 40 000 ლარს?

პასუხი:
ფიზიკურმა პირმა, რომელიც გასული წლის მიხედვით წარმოადგენდა ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტს, საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს, რომ მიმდინარე საგადასახადო წელს, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებიდან გამომდინარე მას აღარ აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადაწყვეტილებას დეკლარაციის არწარდგენის შესახებ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 მაისისა. (მუხლი 205-13)

კითხვა N 41
რა სანქცია გავრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელმაც წარადგინა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და არ გადაიხადა გადასახადი დადგენილ ვადაში?

პასუხი:
თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. საურავი შეადგენს საგადასახადო დავალიანების 0,07 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული კალენდარული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ; (მუხლი 272-4)

კითხვა N 42
ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?

პასუხი:
საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.(მუხლი 79)

კითხვა N 43
რა წარმოადგენს რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს ?

პასუხი:
რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის (მუხლი 80-1)

კითხვა N 44
რა სახის შემოსავლები განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს?

პასუხი:
ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. (მუხლი 101-1)

კითხვა N 45
რა სახის შემოსავლები არ განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს?

პასუხი:
ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის: ა)დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში ბ) წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება (მუხლი 101-3)

კითხვა N 46
გადასახადის გადამხდელის მიერ დაქირავებულისათვის განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება იბეგრება თუ არა საშემოსავლო გადასახადით?

პასუხი:
დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება დაქირავებულისათვის წარმოადგენს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს და ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. (მუხლი 101-2)

კითხვა N 47
საშემოსავლო გადასახადის რა განაკვეთით იბეგრება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები?

პასუხი:
2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდში ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურება იბეგრება 20% - იანი განაკვეთით.(მუხლი 309-1)

კითხვა N 48
ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან გრანტის მიმღებ ორგანიზაციაში, საშემოსავლო გადასახადის რა განაკვეთით იბეგრებიან?

პასუხი:
ფიზიკური პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან გრანტის მიმღებ ორგანიზაციაში და აღნიშნული ორგანიზაცია ანაზღაურებას გასცემს გრანტით მიღებული სახსრებიდან, იბეგრებიან დასაბეგრი შემოსავლის 20%-იანი განაკვეთით. (მუხლი 309-1)

კითხვა N 49
გადამხდელმა არარეზიდენტი პირისგან შეიძინა არამატერიალური აქტივი, კერძოდ ლიცენზია. აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრება თუ არა დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით?

პასუხი:
არარეზიდენტი პირისგან არამატერიალური აქტივის შეძენა განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ვინაიდან მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის მიერ ეკონომიკური სარგებლის მიღების ადგილი, ანუ საქართველო, რის გამოც არარეზიდენტისათვის გადასახდელი თანხა დაიბეგრება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით უკუდაბეგვრის წესით. (მუხლი 166, 169, 176)

კითხვა N 50
შპს-ს აქვს თუ არა უფლება განახორციელოს იჯარით აღებული ძირითადი საშუალების რემონტისათვის შეძენილ მასალებზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა?

პასუხი:
იმ შემთხვევაში, თუ იჯარით აღებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები ექვემდებარება ძირითადი საშუალებების მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის ქმნის ცალკე ჯგუფს, გაწეული ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან (მუხლი 115) და გადახდილი დღგ ექვემდებარება ჩათვლას (მუხლი 161)

კითხვა N 51
როგორ ხდება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგაიშო პერიოდის დეკლარაციაში?

პასუხი:
თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ: ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით; ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით (მუხლი174)

კითხვა N 52
შპს-მ შეიძინა საკონტროლო-სალარო აპარატი აპრილში. დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა მაისის თვეში. ჩაითვლის თუ არა პირი საკონტროლო-სალარო აპარატზე გადახდილ დღგ-ს?

პასუხი:
აღნიშნულ შემთხვევაში შპს ვერ ჩაითვლის საკონტროლო-სალარო აპარატის შეძენაზე გადახდილი დღგ-ს თანხას, რამდენადაც დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებულ პირს მის რეგისტრაციამდე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სასაქონლო-მატერიალური საქონლის ნაშთებზე, რომელიც გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში.(მუხლი 174-1)

კითხვა N 53
ფიზიკურ პირს, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, ეკისრება თუ არა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება?

პასუხი:
ქონების ჩუქებით ან მემკვიდროებით მიღებისას ფიზიკურ პირს ეკისრება: - საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, ჩუქებით ან მემკვიდროებით მიღებული ქონების საბაზრო ღირებულებიდან შენიშვნა: ზემოაღნიშნულისაგან გათავისუფლებულია საგადასახადო წლის განმავლობაში: ა) I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება ბ) III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული 150 000 ლარამდე ქონების ღირებულება გ) ფიზიკური პირის მიერ სხვა ფიზიკური პირისაგან ჩუქებით მიღებული 1000 ლარამდე ქონების ღირებულება (გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა) (მუხლი 82)

კითხვა N 54
რომელ საგადასახადო ორგანოს უნდა მიმართონ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებმა საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით?

პასუხი:
საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეები (რეზიდენტი ფიზიკური პირები) ვალდებულნი არიან დადგნენ საგადასახადო აღრიცხვაზე საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.

კითხვა N 55
რა წესით ხდება საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებული პირის საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა?

პასუხი:
დაქირავებული პირი საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად საგადასახადო ორგანოში წარადგენს ორგანიზაციის ბლანკზე გაცემული ოფიციალური საბუთის ორიგინალს, რომელიც შეიცავს სათანადო აღნიშვნას პირის მითითებით - “დაქირავებულია”. საბუთი გრეთვე უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, ორგანიზაციის ბეჭედს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაქირავებული პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს - პირადობის მოწმობის მიხედვით.(ბრძანება 996 -მუხლი 34)

კითხვა N 56
რა ვადაში ექვემდებარება გადახდას საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებული პირის დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი?

პასუხი:
ფიზიკური პირის მიერ ორგანიზაციაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. .(ბრძანება 996 -მუხლი 34)

კითხვა N 57
შეუძლია თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციას შეასრულოს საგადასახადო აგენტის ფუნქცია, ანუ დაქირავებული პირი დაბეგროს გადახდის წყაროსთან?

პასუხი:
საერთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია საგადასახადო ვალდებულების ცენტრალიზებულად შესრულების მიზნით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ფუნქციები შეასრულოს ნებაყოფლობით, რასაც აცნობებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს (შემდგომში - შემოსავლების სამსახური). ამასთან, თუ ორგანიზაცია ნებაყოფლობით შეასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციებს, საგადასახადო ორგანოები არ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIII კარით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს, მათ შორის, საგადასახადო სანქციებს. აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტებად მიიჩნევა ის გადასახადის გადამხდელი, ვის მაგივრადაც საგადასახადო აგენტმა შეასრულა საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადახდის ფუნქციები.

კითხვა N 58
რა წარმოადგენს არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ შემოსავალს ?

პასუხი:
• საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. • არეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. • არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით, წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით. (მუხლი 80-3,4)

კითხვა N 59
რა სანქცია გავრცელდება ფიზიკურ პირზე, რომლის შემოსავალმაც გადააჭარბა 40 000 ათას ლარს, თუ მან არ განახორციელა ქონების დეკლარაციის წარდგენა შესაბამის საგადასახადო ორგანოში?

პასუხი:
პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) თვეზე (არასრული თვეები ერთ თვედ ჯამდება). ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 30 პროცენტს. გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ზემოაღნიშნული ჯარიმა არ დაეკისრება (მუხლი 274)